12.7.10

ნიუ-იორკი


ნიუ-იორკი (ინგლ. New York ) — ქალაქი
ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» (ინგლ.: „Big Apple“)
ქალაქის გეოგრაფიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ადამიანის ჩარევით ჰოლანდიელთა კოლონიური დროებიდან მოყოლებული სანაპირო ზოლზე წყლისგან მიწის წართმევით. ეს პროცესი ყველაზე თვალსაჩინოა ქვემო მანჰეტენზე ბატერი-პარკ სიტიში თანამედროვე განვითარებით. ბუნებრივი ტოპოგრაფიული უსწორმასწორობა თითქმის სრულიად აღმოიფხვრა, განსაკუთრებით მანჰეტენზე. რაც ფაქტობრივად სიტყვა „მანჰეტენის“ (ბორცვიანი კუნძული) თავდაპირველ მნიშვნელობას ეწინააღმდეგება
ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.
ნიუ-იორკ სიტი ბოსვაშ მეგაპოლისის (BosWash) ცენტრში მდებარეობს, 350 კმ-ში ბოსტონიდან და 353 კმ-ში ვაშინგტონიდან. ქალაქის საერთო ფართობია 1.212.4 კმ², რომლის 35,31% წყალზეა. ქალაქი სამ მთავარ კუნძულზეა განლაგებული — მანჰეტენი, სტეიტენ-აილენდი და დასავლეთ ლონგ-აილენდი. ბრონქსი ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენტალურ ამერიკაში მდებარეობს.
ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია (ძვ. სტილით საგრაფო): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა.
ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ნიუ-იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა.
ნიუ-იორკი აშშ-ის უდიდესი ქალაქია, რომლის მოსახლეობა ორჯერ აღემატება ამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს — ლოს-ანჯელესს. 2005 წელს ქალაქის მოსახლეობა სავარაუდოდ შეადგენდა 8 213 839 ადამიანს (7,3 მილიონი 1990 წ.). ეს არის შტატის მოსახლეობის დაახლ. 40%. ბოლო ათწლეული ქალაქი სწრაფად იზრდებოდა. სოციოლოგთა აზრით ქალაქის მოსახლეობა 2030 წელს 9,5 მილიონს მიაღწევს.

ნიუ-იორკის ორი დამახასიათებელი დემოგრაფიული თვისებაა სიმჭიდროვე და მრავალფეროვნება. მისი სიმჭიდროვე უაღრესად მაღალია 10.194 ად./კმ²-ზე, რაც დაახლოებით 7.000 ადამიანით მეტია კვ. კმ-ზე ამერიკის სიმჭიდროვით მეორე ქალაქ სან-ფრანცისკოზე. ხოლო მანჰეტენის სიმჭიდროვე 25,846/კმ²-ს შეადგენს.
ნიუ-იორკი საერთაშორისო ბიზნესისა და კომერციის მნიშვნელოვანი ცენტრია, ის გლობალური ეკონომიკის სამი საკომანდო ცენტრიდან ერთ-ერთია (ტოკიოსა და ლონდონის გვერდიგვერდ).ქალაქის ეკონომიკის ბირთვს ქმნის საფინანსო, სადაზღვევო და უძრავი ქონების ინდუსტრიები. ნიუ-იორკი ამასთან აშშ-ის მასმედიის, ჟურნალიზმისა და გამომცემლობის უმნიშვნელოვანესი ცენტრიცაა, ხელოვნებასთან ერთად. სხვა მნიშვნელოვან სექტორთა შორისაა ქალაქის ტელე და კინო ინდუსტრიები, რომელიც მასშტაბით მხოლოდ ჰოლივუდს თუ ჩამოურჩება; სამედიცინო კვლევა და ტექნოლოგია; არასამთავრობო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები; და, რა თქმა უნდა, მოდა.

ქალაქ ნიუ-იორკში მდებარეობს ქვეყნისა და მსოფლიოს უძვირესი უძრავი ქონება. 450 პარკ ავენიუ 2007 წლის 2 ივლისს $510 მილიონად გაიყიდა, რაც $17.104 შეადგენს 1 მ²-ზე, მოხსნა რა მსოფლიო რეკორდი, რომელიც ერთი თვის წინ დაამყარა გარიგებამ საოფისე შენობისთვის 660 მედისონ ავენიუზე ($15,887/მ²).


ნიუ-იორკი უნიკალურია სხვა ამერიკულ ქალაქთა შორის უცხოური კორპორაციების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. კერძო სექტორში არსებული ყოველი 10 სამუშაო ადგილიდან 1 უცხოურ კომპანიაზე მოდის. შესაბამისად ნიუ-იორკის ბიზნეს წრეები საკმაოდ ინტერნაციონალისტურია და შესამჩნევად უჭირს შეწყობა ფედერალური მთავრობის მკაცრ საგარეო, სავაჭრო და სავიზო პოლიტიკასთან.

სპეციალიზირებულ მსუბუქ მრეწველობაში დღემდე დასაქმების უდიდესი წილი მოდის, თუმცა ისტორიულად მას შემცირების ტენდენცია აქვს. ამგვარი წარმოების ძირითადი შემადგენელი ნაწილია, საფეიქრო, ქიმიური, ავეჯის, ლითონის პროდუქცია და საკვებგადამმუშავებელი წარმოებები. ნიუ-იორკის ბუნებრივი საზღვარი განსაკუთრებით ხელშემწყობია საერთაშორისო სატვირთო გზავნილებისთვის და ყოველთვის შეადგენდა მისი ეკონომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა ბოლო დროს საზღვაო გადაზიდვების დანიშნულების ტვირთმა ბრუკლინის სანაპიროდან ნიუ-ჯერსის პორტ ნუარკ-ელიზაბეთის საზღვაო ტერმინალზე გადაინაცვლა. გარკვეული ტვირთი მაინც დარჩა, და ბრუკლინი დღემდე რჩება აშშ-ში კაკაოს მარცვლების იმპორტის მთავარ ჭიშკრად.

ქალაქ ნიუ-იორკის საშუალო ერთობლივი მეტროპოლიური პროდუქტი თითქმის $500 მილიარდს უტოლდება, რაც შვეიცარიის ეშპ-ზე მეტია და თითქმის ეწევა რუსეთის მაჩვენებელს. ცალკე ქვეყანა რომ ყოფილიყო ნიუ-იორკს მსოფლიოში სიდიდით მე-17 ეკონომიკა ექნებოდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე $59.000-ით, სიდიდით მეორე ეშპ სულ მოსახლეზე ლუქსემბურგის შემდეგ.

ბოლო 40 წლის განმავლობაში ქალაქის სამუშაო ადგილების ზრდის დონე თითქმის ჰორიზონტალური (უცვლადი) იყო ზრდადი მომსახურების სექტორის დასაქმებით კლებადი მსუბუქი წარმოებისა და ინდუსტრიის სექტორის დასაქმების ჩანაცვლებით. თუმცა 1990-იან წლებში ქალაქის ეკონომიკის ზრდის ტემპებმა გაუსწრო ქვეყნის დონეს ყველაზე დიდი პერიოდით მეორე მსფლიო ომის შემდეგ.

ბოლო დროს მსოფლიო ეკონომიკაში ინტერნეტის დომინაციამ ქალაქს თავის კვალი დააჩნია — კომპანიათა დიდი ნაწილი უფრო მცირე, ნაკლებად ძვირადღირებულ ქალაქებში იწყებს გადანაცვლებას.